სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა გამართა და მიმდინარე საკითხების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. შეხვედრაზე 12–ვე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა დეტალურად წარმოადგინა ინფორმაცია იმ საკითხების შესახებ, რომელსაც რწმუნებულის პირველი მოადგილე უწევს კურატორობას. შეხვედრას რწმუნებულის მოადგილეები ბესიკ გოფოძე და იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდნენ.
დღესვე, რეგიონში დაგეგმილი და განსახორციელებელი პროექტების შესახებ კიდევ ერთი შეხვედრა მოეწყო. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილეს და მუნიციპალიტეტების მერებს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროგრამების, სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქუთაისში, ამჟამად მიმდინარეობს 480 ბინიანი, სამი შეწყვილებული კორპუსის მშენებლობა დევნილი ოჯახისთვის, აღმაშენებლის ქუჩაზე მენაშენეებისგან შეძენილია 245 ბინა და უახლოეს მომავალში დამატებით, კიდევ 320 ბინიანი სახლის მშენებლობა დაიწყება შერვაშიძის ქუჩაზე. წყალტუბოში კი ჯამში, მიმდინარეობს 560 ბინიანი 8 კორპუსის მშენებლობა.
მშენებლობის დასრულების შემდგომ, ეტაპობრივად, ქუთაისსა და წყალტუბოში არაერთი ნგრევადი ობიექტი დაიხურება. აღსანიშნავია, რომ წყალტუბოში სრულად დაიხურება ყველა ავარიული სანატორიუმი და იქ მცხოვრებ ოჯახებს ბინები ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცემათ.
სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ობიექტების დახურვა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. 2013 წლიდან, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, საქართველოს მასშტაბით, 100-ზე მეტი ნგრევადი შენობა დაიხურა და იქ მცხოვრებ 2000-მდე დევნილ ოჯახს ბინა ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცა.
გრიგოლ გიორგაძემ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამებზეც ისაუბრა. აღნიშნული საგრანტო პროგრამები, იძულებით გადაადგილებულ პირებს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობას აძლევს.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, წყალტუბოსა და ქუთაისის მუნიციპალიტეტში ნგრევად და ავარიულ შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს, ქუთაისში დევნილთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსსა და ომის ვეტერან დევნილებს და სსიპ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორს თამარ გავაშელს და პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულ დევნილებს შეხვდნენ.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |