სიახლეები

ნაგავსაყრელებზე არსებულ მდგომარეობას ჟურნალისტები ადგილზე გაეცნენ

5 თებერვალი, 2019

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორთან გიორგი შუხოშვილთან ერთად ჟურნალისტებს სამტრედიასა და ქუთაისში არსებული ნაგავსაყრელები აჩვენა. ადგილზე მედიის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ იქ არსებულ მდგომარეობას.

,,თქვენ საკუთარი თვალით დაინახეთ რა მდგომარეობა არის სამტრედიისა და ქუთაისის ნაგავსაყრელებზე და როგორ ბინძურდება გარემო მრავალი წლის მანძილზე. ხდებოდა ნარჩენების დაწვა და მიმდებარე დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა ფანჯრებს სუნის გამო დღესაც ვერ აღებს. ხედავთ, ამ ტერიტორიებზე ისევ საშინელი მდგომარეობა არის. დამეთანხმებით, რომ ასეთ ნაგავსაყრელებს სჯობია ევროპული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელის მოწყობა, რომელიც იქნება ძალიან მაღალი გარემოსდაცვითი და ჯანდაცვის სტანდარტების და ის დისკომფორტი რასაც ახლა განიცდის სამტრედიისა და ქუთაისის მოსახლეობა არ იარსებებს. პროექტი რომლის თანახმადაც რეგიონული ნაგავსაყრელი უნდა აშენდეს ევროსტანდარტების შესაბამისია და ობიექტი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის 700 000-მდე მოქალაქეს მოემსახურება”- შავლეგო ტაბატაძე.

ნაგავსაყრელების მდგომარეობის გაცნობის შემდეგ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტი ითვალისწინებს ქუთაისში არსებული ე. წ. ნიკეას ნაგავსაყრელის დახურვას, მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების მოგროვების, ქუჩების დასუფთავების სისტემის გაუმჯობესებას და ნარჩენების გადამტვირთი სადგურების მოწყობას.

პროექტი ხორციელდება ქართულ-გერმანული მხარეების ფინანსური თანამშრომლობით. ადგილობრივ კონტრიბუციასთან ერთად, დონორები არიან: გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) და ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების ფონდის EU-NIFF გრანტი. პროექტის საერთო ინვესტიცია 26 მილიონ ევროა.