სიახლეები

ისტორიული უბნის რეაბილიტაცია იწყება

22 ნოემბერი, 2018

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი შენგელიამ და ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ ,,წითელი ხიდიდან–,,ჯაჭვის ხიდამდე“ არსებული ნაგებობები დაათვალიერეს და ადგილზე დააანონსეს მასშტაბური პროექტის დაწყება ქუთაისში. პროექტი ისტორიულ უბანში მე–19 საუკუნეში აშენებული სახლების და დავით კაკაბაძის სახვითი ხელოვნების გალერიის რეაბილიტაციას მოიცავს.

,,რიონის სანაპიროზე მე –19 საუკუნეში აშენებული სახლების რეაბილიტაცია და შემდეგ ამ მიმდებარე ტერიტორიის განვითარება ქუთაისისთვის უმნიშვნელოვანესია. პირველ რიგში ის ადამიანები დაუბრუნდებიან საკუთარ სახლებს, ვინც ამჟამად ნაქირავებში მხოლოდ იმის გამო გადავიდნენ, რომ მათი საუკუნოვანი სახლები ინგრეოდა და საცხოვრებლად ყოველდღიურად უფრო საშიში ხდებოდა. ამ ზოლის განვითარება სარგებელს მოუტანს ქალაქსაც. პროექტის დასრულების შემდეგ აღნიშნული ადგილი როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივებისთვისაც მიმზიდველი და საინტერესო იქნება. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ პროექტის ფარგლებში იგეგმება დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია. თუ დღემდე გალერიაში ექსპონანტები რიგი მიზეზების გამო არ იყო გამოფენილი და სათანადოდ დაცული ეს პრობლემა მალე აღარ იარსებებს“– შავლეგო ტაბატაძე.