სიახლეები

შავლეგო ტაბატაძე : „ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში მნიშვნელოვანია თითოეული რგოლის მონაწილეობა“

10 ოქტომბერი, 2018

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებისა და მეთოდების გაცნობის მიზნით იმერეთის რეგიონში შეხვედრები მიმდინარეობს. იმერეთის გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტებთან და საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლებთან ერთად წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრებში აქტიურად მონაწილეობენ ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთვებიან. აღნიშნული კამპანიის ფარგლებშიც მოსახლეობას მიეწოდება ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ , რომლებიც რეკომენდებულია მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების მიერ და ხელს შეუწყობს მავნებლის შემცირებას.

„ მავნებლის საწინააღმდეგოდ სახელმწიფო მასშტაბურ ღონისძიებებს ახორციელებს. ეს არის გამოწვევა სოფლის მეურნეობის სექტორისთვის და ამ პროცესში მნიშვნელოვანია თითოეული რგოლის, თვითმმართველი ერთეულების, ახალგაზრდების და მოსახლეობის მონაწილეობა. ჩვენ აქედანვე უნდა დავიწყოთ ღონისძიებების ჩატარება იმისათვის , რომ მომავალ სეზონზე მავნებლის რაოდენობასთან ერთად შევამციროთ ეკონომიკური ზარალი“ -განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ.

სპეციალისტებმა მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია მავნებლის მოზამთრე ფაზის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, რათა ტემპერატურის კლებასთან ერთად მინიმუმამდე შემცირდეს აზიური ფაროსანას მიგრირება საცხოვრებელ სახლებში. აგრეთვე თვალსაჩინოებისთვის საკარმიდამო ნაკვეთში დაამონტაჟეს ბადე, რომლის მეშვეობითაც ხდება მავნებლის მოზიდვა და შემდეგ პრეპრატის შესხურებით განადგურება.

2018 წელს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ იმერეთის რეგიონში 233 ათასამდე ჰექტარი ფართობი დამუშავდა. ღონისძიებები ჩატარდა ბაღდათის, სამტრედიის, ხონის, ვანის, წყალტუბოს, ზესტაფონის, ტყიბულის, თერჯოლის, ხარაგაულის, საჩხერის და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში.

მთლიანად დასავლეთ საქართველოში თერმული ნისლის ტექნოლოგიით და ცივი შესხურებით 710 ათასი ჰექტარ ფართობია დამუშავებული.