საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე პროგრამის „ჩემი პირველი ნერგი“ ფარგლებში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გამწვანების ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ღამბაშიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პროგრამის ფარგლებში, პირველკლასელებმა პირველი ნერგები დარგეს და გამწვანების პროცესში მიიღეს მონაწილეობა.
პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განკარგულების საფუძველზე ხორციელდება და ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელის ჩართულობას ითვალისწინებს.
გამწვანების ღონისძიებები 22 ოქტომბერს დაიწყო და 9 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. აღნიშნულ პერიოდში თბილისსა და საქართველოს ათივე რეგიონში, ჯამში, 41 000-ზე მეტი ნერგი დაირგვება.
ქვეყნის მასშტაბით სულ 12 სახეობის ნერგი დაირგვება, რომლებიც რეგიონების ბუნებრივი და კლიმატური პირობების გათვალისწინებით შეირჩა. ესენია: ელდარის ფიჭვი, კავკასიური აკაკი, კავკასიური ფიჭვი, კავკასიური ცაცხვი, კოლხური ბზა, მინდვრის ნეკერჩხალი, პირამიდალური ვერხვი, პირამიდალური კვიპაროსი, ქართული მუხა, ჩვეულებრივი იფანი, ჩვეულებრივი კაკალი და ჰიმალაის კედარი.
ინიციატივის მიზანია ბავშვებში ადრეული ასაკიდან გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნების მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და გარემოზე ზრუნვის კულტურის განვითარება.
პროგრამის განხორციელებაში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მისი სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და ადგილობრივი თვითმმართველობები.