სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა

21 ოქტომბერი, 2026
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების, 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
 
ცერემონია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა გახსნა.
 
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა, ქუთაისის დელეგატმა საქართველოს პარლამენტში ზაზა ლომინაძემ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ, ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ჭიღვარიამ, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ემერიტუს პრეზიდენტმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტმა, პროფესორმა ვოლფგანგ ა. ჰერმანმა და KIU-ს კანცლერმა, ლევან კოპალიანმა უნივერსიტეტის მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერების და მენეჯმენტის სკოლის დეკანებთან ერთად.
 
წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - KIU-ს პირველი მაგისტრი კურსდამთავრებულები ჰყავს, რაც ადასტურებს უნივერსიტეტის მზარდ როლს ქვეყნის საგანმანათლებლო, კვლევითი და ინოვაციური პოტენციალის გაძლიერებაში. საბაკალავრო პროგრამების კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება KIU-ში მესამედ ჩატარდა.
 
წელს კომპიუტერული მეცნიერების, მათემატიკისა და მენეჯმენტის სკოლები 270-მდე სტუდენტმა დაასრულა. სამივე საბაკალავრო პროგრამა KIU-ს სტრატეგიულ პარტნიორთან, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად არის შემუშავებული. პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს ორ სამაგისტრო პროგრამას - „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“ (FIM) და „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“. ორივე პროგრამა რეგიონში უნიკალურია და საერთაშორისო თანამშრომლობის საფუძველზეა შექმნილი. კერძოდ, FIM სამაგისტრო პროგრამა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) შესაბამისი პროგრამის ანალოგიაა, ხოლო „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“ KIU-ს, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასა (WIPO) და საქპატენტს შორის გაფორმებული, საერთაშორისო თანამშრომლობის საფუძველზე შემუშავდა.
 
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები გამოირჩევიან აკადემიური და პროფესიული წარმატებით. კურსდამთავრებულთა ნაწილი სწავლას აგრძელებს ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში, დიდი ნაწილი დასაქმებულია საერთაშორისო კომპანიებში. KIU-ში არსებული აკადემიური და ინოვაციური სივრცეები ახალგაზრდებისთვის პრაქტიკული უნარების განვითარების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.