სიახლეები

ლევან ზალკალიანი ტყიბულში მეწყრული პროცესების შედეგად დაზარალებულებისათვის სამედიცინო კონსულტაციების მიმდინარეობას გაეცნო

14 მარტი, 2026
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით სამედიცინო კონსულტაციებს მედიკოსები გაუწევენ.
 
მოქალაქეებთან უკვე იმყოფებიან სხვადასხვა პროფილის ექიმები, რომლებიც დაზარალებულებს საჭიროებისამებრ პირველად დახმარებას აღმოუჩენენ და უზრუნველყოფილნი იქნებიან სხვადასხვა ჯგუფის მედიკამენტებითაც.
 
სამედიცინო კონსულტაციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ზვიად შალამბერიძე და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით კუბლაშვილი.
 
„მეწყრული პროცესების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა პროფილის ექიმები, რომლებიც მოქალაქეებს სამედიცინო კონსულტაციებს უწევენ. ადგილზე აქვთ შესაბამისი სამედიცინო აპარატურა. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება, სხვადასხვა უწყებები კოორდინირებულად მუშაობენ, რათა დაზარალებულ მოსახლეობას ყველა საჭირო დახმარება დროულად მიეწოდოს,"- განაცხადა ლევან ზალკალიანმა.
 
ტყიბულში, სოფელ კურსებში, მეწყრული პროცესების შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაინგრა. სტიქიის ზონიდან გამოყვანილი 45 ოჯახის ქუთაისისა და ტყიბულის სასტუმროებში განთავსება ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო.