სიახლეები

ტყიბულში მეწყრულ პროცესებზე ეფექტური რეაგირების მიზნით შექმნილი სწრაფი რეაგირების შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს

13 მარტი, 2026
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე ეფექტური რეაგირების მიზნით შექმნილი სწრაფი რეაგირების შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. სტიქიის ზონაში ვითარების მართვა და პროცესების მონიტორინგი კოორდინირებულად მიმდინარეობს.
 
ადგილზე მუშაობენ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
 
ამ ეტაპზე გეოლოგები 58 ჰექტარ ტერიტორიაზე მეწყრული პროცესების მონიტორინგსა და დაკვირვებას ახორციელებენ. მიმდინარეობს საველე-საფეხმავლო გეოლოგიური დაკვირვებები და დრონით მონიტორინგი, რათა განისაზღვროს მეწყრის გადაადგილების დინამიკა და რისკის ზონა.
 
სტიქიის ზონაში მიმდინარე პროცესებისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია შესაბამისი სპეციალისტებისგან მიიღეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ზაუტაშვილმა, მინისტრის მოადგილემ ზაზა კვიციანმა, ზესტაფონი–ბაღდათი–თერჯოლა–ტყიბულის დელეგატმა საქართველოს პარლამენტში ზვიად შალამბერიძემ და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კუბლაშვილმა.
 
მეწყრული პროცესების შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაინგრა. სტიქიის ზონიდან გამოყვანილი 45 ოჯახის ქუთაისისა და ტყიბულის სასტუმროებში განთავსება ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო.