იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ბექა ურუშაძესთან და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერთან, გენადი ბალანჩივაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში დასრულებული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფელ გეგუთის საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მოეწყო შიდა სივრცეები, სველი წერტილები, სათამაშო და საძინებელი ოთახები, სამზარეულო, ბაღის შენობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის. პროექტის განხორციელებისთვის სახელმწიფომ 2.4 მილიონი ლარი გამოყო. ბაღი 75 აღსაზრდელზეა გათვლილი.
200 აღსაზრდელზეა გათვლილი წყალტუბოს №1 საბავშვო ბაღი. შენობა აღჭურვილია ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით, რაც უზრუნველყოფს აღსაზრდელების ხარისხიან და უსაფრთხო გარემოში ყოფნას. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა ითვალისწინებს სკოლამდელი აღსაზრდელების განათლებისა და სოციალიზაციისთვის საჭირო ყველა სივრცეს, მათ შორის ადაპტირებულ შიდა და გარე ზონებს, სათამაშო და სპორტულ მოედნებს. პროექტი საქართველოს მთავრობამ 3.2 მილიონი ლარით დააფინანსა.
2025 წელს იმერეთის რეგიონში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაციისათვის 14 684 200 ლარი დაიხარჯა.