იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე წყალტუბოში დაგეგმილი სპორტული ინფრასტრუქტურის საპროექტო დეტალებს გაეცნენ. მათ მუნიციპალური განვითარების ფონდის გენერალურ დირექტორთან, ბექა ურუშაძესთან და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად წყალტუბოს სტადიონისა და საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობის ადგილები მოინახულეს.
დაწყებულია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო სტადიონის პროექტირება, რომლის ფარგლებშიც, არსებული სტადიონის დემონტაჟის შემდეგ, აშენდება 6 000-მდე მაყურებელზე გათვლილი, უეფას III კატეგორიის შესაბამისი სტადიონი. პროექტი მოიცავს გასახდელების, საშხაპეების, მედიაცენტრის, საკონფერენციო დარბაზის, უსაფრთხოების და აუდიო-ვიზუალური სისტემების მოწყობას, ასევე მსაჯების, სამედიცინო და ფიზიოთერაპიის ოთახებს, დოპინგ-კონტროლის სივრცეს, ავტოსადგომსა და კომერციულ ზონებს. ახალი სტადიონი შესაძლებლობას მისცემს ქალაქს უმაღლესი დონის სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს უმასპინძლოს.
ასევე, წყალტუბოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით აშენდება საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი. მშენებლობას ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, გასახდელები, სველი წერტილები და სამეურნეო სათავსოები.
სტადიონი სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის და აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარითა და მოედნის მოვლისთვის საჭირო ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალგაზრდების სპორტში ჩართულობას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და რეგიონში სპორტის განვითარებას.