ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან, ლევან ზალკალიანთან ერთად და ქართველ და ამერიკელ არქიტექტორებთან ერთად, ქუთაისში ის ტერიტორია მოინახულა, სადაც ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობა იგეგმება.
პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიოში წამყვან არქიტექტურულ კომპანიასთან - Gensler-თან პარტნიორობით ამზადებს.
მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირება ქართულ კომპანია „დემარკსა“ და ამერიკულ კომპანია Gensler-სა შორის თანამშრომლობით მიმდინარეობს. 1965 წელს დაფუძნებული Gensler საქართველოში პირველ პროექტს სწორედ ამ პარტნიორობის ფარგლებში ახორციელებს.
ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი და „დემარკის“ წარმომადგენლები შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო პროექტის კონცეფცია, ფუნქციური დატვირთვა და ქალაქის ურბანულ გარემოსთან ინტეგრაციის საკითხები.
Gensler-ის არქიტექტურული ფილოსოფია ეფუძნება ადამიანზე ორიენტირებულ მიდგომას, მდგრადობასა და ტექნოლოგიურ ინოვაციებს. კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტები — მათ შორის Moody Centre Basketball and Events Arena (აშშ), YOFC-ის სათავო ოფისი (ჩინეთი) და Adobe Founders Tower (აშშ) - თანამედროვე არქიტექტურის გამორჩეულ ნიმუშებად არის აღიარებული. Gensler-ის ნამუშევრები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქალაქების იდენტობისა და კულტურული კონტექსტის შენარჩუნებას, ეკოლოგიურ პასუხისმგებლობასა და საზოგადოებრივ საჭიროებებზე მორგებულ დიზაინს.
Gensler-თან თანამშრომლობით ქუთაისში მზადდება 5 000 მაყურებელზე გათვლილი ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტი. შენობაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა სპორტული დარბაზები, სატრენაჟორო სივრცე, აუზი, მსაჯებისა და დოპინგ-კონტროლის ოთახები.
ამასთან, სპორტის სასახლეში დაგეგმილია საკონფერენციო დარბაზის, პრესის სამუშაო სივრცის და საერთაშორისო დელეგაციების მისაღები ოთახების მოწყობა. შენობაში ასევე განთავსდება სპორტული მაღაზია და კაფეტერია.
პროექტი ითვალისწინებს სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსადგომების, რეკრეაციული ზონების, შიდა გზებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობას. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.
ქუთაისის მრავალფუნქციური სპორტის სასახლე შეძლებს როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო მასშტაბის სპორტული შეჯიბრებების, ასევე კონფერენციებისა და სხვადასხვა ღონისძიებების მასპინძლობას.