ქუთაისში პირველი საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი: „ქუთაისი მითი და ლიტერატურა“ გაიხსნა. ქუთაისის მერიის მიერ ორგანიზებულ ლიტერატურულ ფესტივალში მონაწილეობენ: ქართველი და უცხოელი მეცნიერები, ლიტერატურათმცოდნეები, მთარგმნელები, მწერლები, პოეტები, ასევე გამომცემლობები საქართველოდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, იაპონიიდან, ესპანეთიდან და თურქეთიდან.
ღონისძიება იუნესკოს ლიტერატურის ქალაქის სტატუსის ფარგლებში მიმდინარეობს და ფესტივალის პროგრამა, 3 დღის განმავლობაში, ლიტერატურულ დისკუსიებს, პრეზენტაციებსა და სხვადასხვა სახის კულტურულ ღონისძიებებს მოიცავს.
ფესტივალის ფარგლებში, აგრეთვე მოეწყო გამოფენები ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმსა და დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში.
ფესტივალის გახსნას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველოს, განათლებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში ლევან ზალკალიანი, ქუთაისის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ზაზა ლომინაძე, ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი და საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.