სიახლეები

რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

13 ნოემბერი, 2025
იმერეთი-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების ობიექტების მშენებლობისთვის ტერიტორიების შერჩევის საკითხზე ქუთაისში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა.
 
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვის მიზნით, ქვეყანაში არსებული ნაგავსაყრელები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტებით და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების ქსელით უნდა ჩანაცვლდეს.
 
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, პრობლემის გადასაჭრელად ყველა დაინტერესებულ მხარესთან შეხვედრები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
 
,,მთავარი ყურადღება გამახვილდა ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობისთვის შესაფერისი ტერიტორიის შერჩევაზე. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად, რათა უმოკლეს ვადაში იქნას ჩვენი რეგიონის მოსახლეობისთვის შეთავაზებული ნარჩენების მართვის უსაფრთხო, თანამედროვე სისტემა“,- განაცხადა ლევან ზალკალიანმა.
 
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თქმით, ხელისუფლების მიზანია მოსახლეობისთვის ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა.
 
„ჩვენი მიზანია, მოსახლეობისთვის ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა, რისთვისაც არაერთი მიმართულებით ვმუშაობთ. მყარი ნარჩენების მართვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. დღის წესრიგში დგას არასახიფათო ნარჩენების განთავსების ახალი ობიექტის მშენებლობის აუცილებლობა. მუნიციპალიტეტებთან, შესაბამის სამსახურებთან აქტიური კომუნიკაციით და კოორდინირებული მუშაობით, უმოკლეს ვადებში უნდა გავუმკლავდეთ ყველა იმ გამოწვევას, რაც დღეის მდგომარეობით არსებობს; ქვეყნის მასშტაბით, ძველი ნაგავსაყრელები საერთაშორისო სტანდარტების ნარჩენების მართვის ობიექტებით უნდა ჩავანაცვლოთ, რაც მიწისქვეშა წყლების, ჰაერისა და ნიადაგის დაცვას დაბინძურებისგან დაიცავს“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.
 
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არსებული ნაგავსაყრელების მდგომარეობა, მრავალჯერადი რეაბილიტაციის მიუხედავად, საერთაშორისო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, ზოგიერთ შემთხვევაში კი დასახლებულ ზონებთან ნაგავსაყრელების სიახლოვე მოსახლეობისთვის დისკომფორტის შემქმნელია.
 
როგორც „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა მიხეილ გოგოლიძემ განაცხადა, ახალი პროექტები ევროპულ სტანდარტებს დააკმაყოფილებს.
 
ახალი, რეგიონული, არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების გახსნის შემდეგ, ეტაპობრივად დაიხურება არსებული ნაგავსაყრელები.
 
შეხვედრას იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი მიხეილ გოგოლიძე და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.