სიახლეები

ლევან ზალკალიანი KIU-ში კურსდამთავრებულთა მეორე გამოსაშვებ ცერემონიას დაესწრო

21 ოქტომბერი, 2025
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) კურსდამთავრებულთა მეორე, მასშტაბური გამოსაშვები ცერემონია გაიმართა. ღონისძიება უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა პაატა ტურავამ გახნა, ახალგაზრდებს სწავლის დასრულება მიულოცა და წარმატება უსურვა.
 
კურსდამთავრებულებს მიმართეს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ემერიტუს პრეზიდენტმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტმა, პროფესორმა ვოლფგანგ ა. ჰერმანმა, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის აღმასრულებელმა ვიცე პრეზიდენტმა, პროფესორმა გერარდ კრამერმა, KIU-ს კანცლერმა ლევან კოპალიანმა.
 
ღონისძიებას დაესწრნენ: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, რწმუნებულის აპარატის უფროსი ნიკა კვერნაძე, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, მერის მოადგილე გიორგი ცხაკაია, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და სხვა მოწვეული სტუმრები.
 
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები გამოირჩევიან აკადემიური წარმატებით. KIU ხელს უწყობს მათ პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას, ქმნის ინოვაციურ გარემოს, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ სხვადასხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო აქტივობაში.
 
KIU-ს სტუდენტები, სასწავლო პროცესის პარალელურად, მონაწილეობენ ტექნოლოგიების საერთაშორისო გლობალურ ცენტრებში გამართულ კონფერენციებშიც. სტუდენტები ამყარებენ საერთაშორისო საქმიან კავშირებს მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან, ეცნობიან ინდუსტრიის ტენდენციებს, რაც მნიშვნელოვნად ხელს უწყობს მათ კარიერულ წინსვლას. KIU მუდმივად ორიენტირებულია მაღალი ხარისხის ევროპული განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, ინფრასტრუქტურისა და აკადემიური გარემოს გაუმჯობესებაზე.
 
KIU-ს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი საუნივერსიტეტო კამპუსია, რომელიც მოიცავს თანამედროვე სასწავლო და სტუდენტურ საცხოვრებელ კორპუსებს, ბიბლიოთეკას, საკონფერენციო სივრცეებს, კაფეტერიებს, სპორტულ მოედნებსა და რეკრეაციულ ზონებს.
 
ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქში მიმდინარეობს ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა. მათ შორისაა როგორც ადმინისტრაციულ- საგანმანათლებლო, ისე საცხოვრებელი კომპლექსი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო მეგა-პროექტია, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დაარსებულ ერთადერთ საერთაშორისო სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს. უნივერსიტეტის იდეა ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს ეკუთვნის. საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ უნივერსიტეტის განვითარების მიზნით ერთი მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიციას ახორციელებს.