ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ხარაგაულში, სტიქიის შედეგად დაზიანებულ სოფლებში, ხემაღალსა და ღვერკში იმყოფებოდნენ.
სოფელ ხემაღალში პირადად შეხვდნენ ადგილობრივებს და მათი საჭიროებები მოისმინეს. ასევე გაეცნენ სოფელ ღვერკში მდინარე ყარნაზე მიმდინარე ლიკვიდაცია-პრევენციის სამუშაოებს, რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მთავრობის დავალებით აგვისტოდან ხორციელდება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა პირველადი დახმარების მიზნით 46 დაზარალებულ ოჯახს ბიუჯეტიდან თანხა გამოუყო. ოჯახები უზრუნველყოფილი არიან ქირით ან ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით. ამჟამად სტიქიის ზონაში არცერთი ოჯახი არ იმყოფება.
მუნიციპალიტეტის დაკვეთით მომზადდა სოფელ ხემაღალსა და ღვერკის მეწყრული ფერდობის კომპლექსური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა. დასკვნის შემდეგ, თუ ტერიტორიის საიმედოობა დადასტურდება, დაიწყება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც გზების რეაბილიტაციას, გაზიფიცირებას, ახალი ელექტროქსელის მოწყობასა და მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას მოიცავს.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება ერთობლივად მუშაობს დაზარალებულებისთვის უსაფრთხო საცხოვრისის უზრუნველყოფაზე. ოჯახებს მიეცემათ არჩევანი: მიიღონ ახალი საცხოვრებელი ფართი ან კომპენსაცია.