სიახლეები

ქუთაისში 720 დევნილ ოჯახს ახალი ბინები გადაეცა

16 სექტემბერი, 2025
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში, 720 დევნილ ოჯახს, სრულად გარემონტებული, ახალი ბინები გადაეცა.
 
ოჯახებს ბინების გასაღებები, სიმბოლურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა გადასცეს.
 
ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და მთავრობის წევრები დაესწრნენ.
 
720 დევნილ ოჯახზე გათვლილი, 3 კორპუსის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების ღირებულებამ 77 347 872 ლარი შეადგინა. გარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, ბიუჯეტიდან, 2 940 000 ლარი გამოიყო.
საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში სტადიონი, ბავშვთა გასართობი მოედანი და სავარჯიშო სივრცე მოეწყო.
 
ნიკეას ქუჩაზე, 720 ბინის განაწილების პარალელურად, ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე, ასევე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებულ კორპუსებში, დამატებით, 132 ოჯახი განსახლდა, რითაც მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, 800 დევნილ ოჯახზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსში არსებული ბინები სრულად განაწილდა. ბინების დიდი ნაწილი, გასულ წლებში, დევნილ ოჯახებს უკვე გადაეცათ. ჯამში, პროექტის ბიუჯეტმა 55 000 000 ლარი შეადგინა.
 
იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის, ღირსეული და სათანადო საცხოვრებელი პირობების შექმნა, მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება - დევნილთა განსახლების მიზნით, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა, ქვეყნის მასშტაბით, კიდევ 4 ქალაქში მიმდინარეობს.