იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა რეგიონის მასშტაბით 2024/2025 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული სკოლების გუნდები დააჯილდოვა.
მიღწეული წარმატებებისთვის და მსოფლიო სასკოლო სპორტული ოლიმპიადის საგზურის მოპოვებისთვის საპატიო სიგელები გადაეცათ: წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ვაჟთა ხელბურთის გუნდს, სამტრედიის N11 საჯარო სკოლის მძლეოსან გოგონათა გუნდს, ქუთაისის N22 საჯარო სკოლის ფრენბურთელ ვაჟთა და გოგონათა გუნდებსა და საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანის მძლეოსან ვაჟთა გუნდს.
შეხვედრას, რომელიც იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი კონსტანტინე ამირეჯიბი, საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები და სხვა სტუმრები დაესწრნენ.
ღონისძიებაზე, ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებს გააცნო 2025–2026 წლებში განსახორციელებელი ახალი პროექტები.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პარალელურად დაგეგმილ „ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი – 2026“-ზე, რომლის კოორდინაციასაც ფედერაცია, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და მუნიციპალიტეტების მონაწილეობით უზრუნველყოფს.