ზესტაფონში მეტალურგიული ქარხანა „ჯორჯია მეტალი“ გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრები, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ბიზნესის სფეროს წევრები ესწრებოდნენ.
ქარხნის სტრატეგიული მიზანია ფოლადსადნობი საამქროს ამოქმედება, რაც საშუალებას მისცემს საწარმოს სრულად დააკმაყოფილოს ქვეყნის შიდა მოთხოვნა და გახსნას საექსპორტო ბაზრებიც.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, მეტალურგიული ქარხანა „ჯორჯია მეტალი“ წარმატებული ქართული ინვესტიციის ნამდვილი მაგალითია.
„კომპანიის სტრატეგიული მიზანი კიდევ უფრო ამბიციურია: შემდეგი ეტაპის - ფოლადსადნობი საამქროს მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქარხანა თავად აწარმოებს ნედლეულს და სრულად დააკმაყოფილებს ქვეყნის შიდა ბაზრის მოთხოვნას არმატურაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არა მხოლოდ იმპორტის საჭიროებას მოხსნის, არამედ შექმნის მყარ საფუძველს ქართული პროდუქციის საექსპორტო ბაზრებზე გასასვლელად, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სუვერენიტეტის კიდევ უფრო მეტად განმტკიცებას ნიშნავს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერმა კომპანიის დამფუძნებლებს - ავთანდილ კოჩაძეს და ზურაბ ღიბრაძეს პროექტის განხორციელებისა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა.
მთავრობის მეთაურმა ასევე მადლობა გადაუხადა პროექტის ფინანსურ პარტნიორს - „საქართველოს ბანკს“ და მის გენერალურ დირექტორ არჩილ გაჩეჩილაძეს.
მეტალურგიული ქარხნის გახსნის ოფიციალური ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
ამ დროისთვის საწარმოში 400-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, მათგან 90% ადგილობრივია. გაფართოების შემდეგ კი, დასაქმებულთა რაოდენობა 1000-მდე გაიზრდება.