სიახლეები

ქუთაისმა ევროპის საერთაშორისო კონფერენციას ,,JELIA 2025'' უმასპინძლა

1 სექტემბერი, 2025

,,ლოგიკები ხელოვნურ ინტელექტში“ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ევროპის საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

 
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU), ხელოვნური ინტელექტის ფორმალური კვლევის შესახებ, ევროპის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფორუმს მასპინძლობს. საერთაშორისო კონფერენცია - „ლოგიკები ხელოვნურ ინტელექტში“ (JELIA 2025) საქართველოში პირველად იმართება. „JELIA2025“-ის რიგით მე-19 კონფერენციაში მონაწილეობენ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები და მკვლევრები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის ლოგიკური მოდელების საკითხებზე მუშაობენ.
 
კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა პაატა ტურავამ, ასევე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ. ღონისძიებას დაესწრნენ: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და სხვა მოწვეული სტუმრები. 
 
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს, დარგის წამყვან საერთაშორისო მეცნიერებთან ერთად, KIU-ს კომპიუტერული მეცნიერების სკოლის ხელმძღვანელი, ნიკა გაგუა და ამავე სკოლის პროფესორები წარმოადგენენ.
 
ოთხი დღის განმავლობაში, კონფერენციის ფარგლებში, გაიმართება კვლევების პრეზენტაცია და პანელური დისკუსიები, სადაც მოწვეული იქნებიან დარგის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები. აღსანიშნავია, რომ JELIA-ს კონფერენციაზე მოხსენების წარდგენა სპეციალური შერჩევის საფუძველზე ხდება, სადაც მაღალი კონკურენციაა. ყოველწლიურად მის პროგრამულ კომიტეტში მონაწილეობს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების ასზე მეტი ექსპერტი. მრავალთვიანი განხილვისა და მკაცრი შერჩევის პროცესის შემდეგ, კომიტეტმა წლევანდელი კონფერენციის პროგრამაში შეიტანა მაღალი ხარისხის 47 მოხსენება, რომლებიც წარმოაჩენს უახლეს მიღწევებს ლოგიკაზე დაფუძნებულ ხელოვნურ ინტელექტში; მათ შორის, არგუმენტაციის თეორიაში, ავტომატურ დედუქციაში, მაღალი რიგის და არაკლასიკურ ლოგიკებში; აგრეთვე, გამჭვირვალე, სანდო, ეთიკური ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში.
 
ამ ფორუმისადმი მზარდი ინტერესი და მისი საერთაშორისო მნიშვნელობა განაპირობებს ევროპის ფარგლებს გარეთ მომუშავე მკვლევრების ჩართულობას, ხელოვნური ინტელექტის ლოგიკაზე დაფუძნებული მიდგომების განსახილველად.
 
ხელოვნური ინტელექტის ლოგიკის ევროპული კონფერენცია (Journées Européennes sur la Logique en Intelligence Artificielle - JELIA) 1988 წელს საფრანგეთში დაფუძნდა და მას შემდეგ ორ წელიწადში ერთხელ იმართება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ამ ფორუმს უკვე უმასპინძლეს საფრანგეთმა, გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, იტალიამ, პორტუგალიამ, ესპანეთმა და სხვა ქვეყნებმა. KIU საერთაშორისო ფორუმს 1-4 სექტემბერს მასპინძლობს. ღონისძიებას KIU-ს კომპიუტერული მეცნიერების სკოლის სტუდენტებიც ესწრებიან.
 
JELIA-ს მიზანია ხელი შეუწყოს კავშირების გაფართოებასა და იდეების ურთიერთგაზიარებას სხვადასხვა დისციპლინის ისეთ მკვლევრებს შორის, რომლებიც მუშაობენ როგორც აკადემიური, ისე თეორიისა და პრაქტიკის მიმართულებით.