სიახლეები

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ქუთაისში სტუდენტთა მიღების ღონისძიება გაიმართა

16 სექტემბერი, 2026
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით ქუთაისში დასავლეთ საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების პირველკურსელთა მიღების ღონისძიება გაიმართა.
 
ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და სტუდენტობა მიულოცა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.ღონისძიებას ესწრებოდნენ: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.
 
მიღების ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ საინტერესო და გასართობ აქტივობებში. ამასთანავე, გაიმართა კონცერტი სხვადასხვა არტისტისა თუ მუსიკალური ჯგუფების მონაწილეობით.
 
ღონისძიებას ესწრებოდა 5 000-მდე პირველკურსელი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიისა და ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტიდან.
 
აღმოსავლეთ საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების პირველკურსელებისთვის მიღების ღონისძიება რუსთავში 18 სექტემბერს გაიმართება.