სიახლეები

ზესტაფონში თანამედროვე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

24 ივლისი, 2026
ზესტაფონში თანამედროვე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი შონიასთან, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
 
პროექტი საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება და თანამედროვე სპორტული სივრცის შექმნას ითვალისწინებს.
 
სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო სტადიონი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, გასახდელები, სველი წერტილები, სამედიცინო ოთახი და დამატებითი სათავსოები.
 
მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობას გეგმავს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონებში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ახალგაზრდებისთვის თანამედროვე სპორტული სივრცეების შექმნას მათი პოტენციალის სრულად გამოსავლენად.