სახელმწიფო რწმუნებულის თასზე მინი-ფეხბურთის ტრადიციული ტურნირი დაიწყო. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ მოედანზე სახელმწიფო რწმუნებულის გარდამავალ თასზე მინი-ფეხბურთის ტრადიციული ტურნირი დაიწყო. გახსნის ცერემონიას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, მოადგილეებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად დაესწრო.
ტურნირში იმერეთის რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები მონაწილეობენ.
ჩემპიონატის ფარგლებში, სამტრედიის ცენტრალურ მოედანზე, ერთმანეთს ხონის და სამტრედიის გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრე, ანგარიშით 2:2 დასრულდა.
ტურნირი სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. შეჯიბრების დასასრულს გამარჯვებული გუნდი სახელმწიფო რწმუნებულის თასს დაეუფლება, ხოლო პრიზიორები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.
ასევე, გამოვლინდებიან ტურნირის საუკეთესო მოთამაშე, საუკეთესო გოლეადორი, საუკეთესო მეკარე და უხუცესი მონაწილე.
სპორტული ღონისძიების მიზანია რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობების თანამშრომლებს შორის გუნდური მუშაობის, კოლეგიალური ურთიერთობების გაძლიერება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტული აქტივობების ხელშეწყობა.