იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025-2026“-ის რეგიონალურ თამაშებში გამარჯვებულ გუნდებს შეხვდნენ.
რეგიონალურ ეტაპზე წარმატებით იასპარეზეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების გუნდებმა, სადაც იმერეთის რეგიონის 12 მუნიციპალიტეტი მონაწილეობდა. მიღწეული შედეგების მიხედვით, პირველი საჯარო სკოლის მინი ფეხბურთის ვაჟთა გუნდმა და ქვაციხის საჯარო სკოლის ბადმინტონის ვაჟთა გუნდმა პირველი ადგილები დაიკავეს; მეორე ადგილზე გავიდნენ პირველი საჯარო სკოლის კალათბურთის ვაჟთა გუნდი და ქვაციხის საჯარო სკოლის მაგიდის ჩოგბურთის ვაჟთა გუნდი; მესამე ადგილი მოიპოვა ნავარძეთის საჯარო სკოლის მაგიდის ჩოგბურთის გოგონათა გუნდმა.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშეებად დასახელდნენ პირველი საჯარო სკოლის კალათბურთელთა გუნდის წევრი დავით ჯაფარიძე და ქვაციხის საჯარო სკოლის ბადმინტონის გუნდის წევრი ანდრია გოცაძე.
სპორტის სხვადასხვა სახეობაში - ცურვაში, ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში პრიზიორები გახდნენ ჭიათურის 27-ე სპორტული სკოლის წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ ჭიათურელი მოცურავეები იმერეთის ნაკრების შემადგენლობას დააკომპლექტებენ.
შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ და მუნიციპალიტეტის მერმა სპორტსმენებს მიღწეული წარმატებები მიულოცეს, მადლობა გადაუხადეს მათ შრომისა და მონდომებისთვის და მომავალშიც წარმატებები უსურვეს. მათ ხაზი გაუსვეს სკოლის სპორტის მნიშვნელობას ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და მათი ფიზიკური და პიროვნული განვითარების პროცესში.