საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტების განხილვას დაესწრნენ.
მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიების პროექტები წარადგინეს. მერებმა დეტალურად ისაუბრეს თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარების გრძელვადიან ხედვაზე, ძირითად მიზნებზე, ამოცანებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე.
მუნიციპალიტეტების მიერ მომზადებულ სტრატეგიულ დოკუმენტებში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე და ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებაზე. პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის განსაზღვრულია ეკონომიკის განვითარება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების ხარისხის ამაღლება. ამასთან, სტრატეგიები ითვალისწინებს განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას, გარემოს დაცვასა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემების განვითარებას, ასევე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას.
იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი სტრატეგიული დოკუმენტების პროექტები მიმართულია კომპლექსური და თანმიმდევრული განვითარების უზრუნველყოფისკენ. მათი ძირითადი მიზანია ეკონომიკური მდგრადობის გაძლიერება, ადგილობრივი საჭიროებებისა და მოქალაქეთა ინტერესების სრულფასოვანი გათვალისწინება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა. თითოეული მუნიციპალიტეტის ჭრილში იდენტიფიცირებულია მთავარი საჭიროებები და გამოწვევები, ამასთან მკაფიოდ არის განსაზღვრული ის სტრატეგიული უპირატესობები, რომლებიც საფუძვლად დაედება მუნიციპალიტეტების შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მუნიციპალიტეტებისათვის გრძელვადიანი სტრატეგიული დაგეგმვის მნიშვნელობას, აგრეთვე, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების კოორდინირებული თანამშრომლობის აუცილებლობას, რაც წარმოადგენს წინაპირობას დაგეგმილი ღონისძიებების ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული განხორციელებისთვის.
მუნიციპალიტეტებში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დავალებით ხორციელდება. პროცესის კოორდინაციას რეგიონული განვითარების სამინისტრო ახორციელებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი, მოადგილეები: გრიგოლ დალაქიშვილი და ბესიკ გოფოძე, საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ჩაკვეტაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, ზაზა ლომინაძე, ზვიად შალამბერიძე, ბეჟან წაქაძე, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები, ასევე რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.