სიახლეები

ქუთაისის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დასრულდა

5 ივნისი, 2025
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქუთაისის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დაასრულა.
 
პროექტის განხორციელების შედეგად ქალაქს კეთილმოწყობილი, მრავალფუნქციური და სრულად განახლებული დასასვენებელი სივრცე შეემატა.
 
პარკის რეაბილიტაციის ფარგლებში შენარჩუნდა არსებული გეგმარება, ხოლო ინფრასტრუქტურა სრულად განახლდა, რეგიონისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული ელემენტების გათვალისწინებით.
 
მოეწყო წყალმომარაგების, წყალარინების, სადრენაჟე და ავტომატური სარწყავი სისტემები, დამონტაჟდა ენერგოეფექტური განათების ბოძები, განახლდა არსებული და მოეწყო დამატებით ახალი შადრევანი. დასრულდა ისტორიული კოლონადების რესტავრაცია, მედიათეკის მოწყობა და დამატებითი გამწვანება დენდროლოგიური პროექტის შესაბამისად. ასევე, პარკის ქვედა ნაწილში შეიქმნა ახალი რეკრეაციული ზონა - „ვარდების ხეივანი“ და პარკის ცენტრალურ ნაწილში კი მოეწყო „გვირილობის მოედანი“.
 
ქუთაისის ცენტრალური პარკი 1821 წელს გაშენდა.