სიახლეები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტი იმერეთში გრძელდება

13 ივნისი, 2025
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, იმერეთის რეგიონში სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახურის თანამშრომლებს შეხვდნენ და სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკურ შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნენ.
 
დავით სონღულაშვილმა ხაზი გაუსვა რეგიონში სურსათის ეროვნული სააგენტოს გამართულად მუშაობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სამივე მიმართულება - სურსათის უვნებლობა, ვეტერინარია და მცენარეთა დაცვა, რომელსაც სააგენტო ახორციელებს, უმნიშვნელოვანესია აგრარული სექტორის განვითარებისთვის.
 
დღესვე, ხელისუფლების წევრები იმყოფებოდნენ ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში, სადაც უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორია დაათვალიერეს. ყურადღება გამახვილდა კვლევის იმ მეთოდებზე, რომლებიც 2025 წელს უნდა დაინერგოს. აღნიშნული გეგმის ფარგლებში, თევზის დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით 15 კვლევა უკვე დანერგილია.
 
იმერეთში ვიზიტის ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს ოფისსაც ესტუმრა და თანამშრომლებისგან მოისმინა ინფორმაცია რეგიონში არსებული ვითარების, გამოწვევებისა და საქმიანობის შესახებ.
 
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ იმერეთის რეგიონში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ საკითხებს, როგორიცაა უკანონო ტყითსარგებლობა, ბრაკონიერობა, წიაღის უკანონო მოპოვება და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება. ქუთაისი საქართველოს ოთხ მსხვილ ქალაქს შორის ერთ-ერთია, სადაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები გზებზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ.