სიახლეები

ქუთაისში ცენტრალური ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

23 აპრილი, 2025
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ ქუთაისში არაერთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა ქუთაისის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის, ცენტრალური ქუჩებისა და პარკის რეაბილიტაციის პროექტები, რომლის ჯამური ინვესტიცია 150 მილიონ ლარს აღემატება.
 
„ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, ვარლამიშვილის, წმინდა ნინოს, მარი ბროსესა და მიხეილ ლერმონტოვის ქუჩებზე აქტიურად მიმდინარეობს სარებილიტაციო სამუშაოები.
 
ვარლამიშვილისა და წმინდა ნინოს ქუჩებზე უკვე დასრულებულია წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემების მოწყობის, საინჟინრო კომუნიკაციების მიწის ქვეშ განთავსების სამუშაოები, სრულად რეაბილიტირებულია საავტომობილო და საფეხმავლო გზის საფარი, დამონტაჟებულია გარე განათების თანამედროვე სისტემა.
 
დასკვნით ეტპზეა ქუთაისის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია. უკვე დასრულებულია სარწყავი და სადრენაჟე სისტემების მოწყობის, ენერგოეფექტური განათების ბოძების მონტაჟის, არსებული შადრევნების განახლების და საფეხმავლო ბილიკების მოპირკეთების სამუშაოები. პარკში, არსებული გეგმარების უცვლელად, დამახასიათებელი არქიტექტურული ელემენტების გამოყენებით, განახლდა მხოლოდ არსებული ინფრასტრუქტურა. პარკში მოეწყო მედიათეკა და დენდროლოგიური პროექტის შესაბამისად, დამატებით დაირგო ახალი ხე-მცენარეები. პარკის ცენტრალურ ნაწილში მოეწყო „გვირილობის მოედანი“, ხოლო ქვედა ნაწილში შეიქმნა ახალი რეკრეაციული სივრცე — „ვარდების ხეივანი“.
 
ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარე სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით ტაბიძემ დაათვალიერეს.
 
ცენტრალური პარკის დასრულების შემდეგ ქუთაისს კეთილმოწყობილი, მრავალფუნქციური, სრულად განახლებული დასასვენებელი სივრცე ექნება. განახლებული ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება როგორც შშმ პირებისთვის, ასევე საბავშვო ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის.