სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) იტალიურ-ქართულ კონფერენციას (ACIG 2025) უმასპინძლა

3 აპრილი, 2025
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) იტალიურ-ქართულ კონფერენციას (ACIG 2025) უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც KIU-ს ახალი საგანმანათლებლო პროგრამის - „მედიცინა“ პრეზენტაცია გაიმართა.
 
კონფერენციის მიზანია იტალიისა და საქართველოს უნივერსიტეტებს შორის აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავება, გაცვლითი და საგანმანათლებლო პროგრამების ხელშეწყობა, ახალი იდეების პოპულარიზაცია ინტერნაციონალიზაციასთან დაკავშირებული გამოწვევების გადასაჭრელად.
 
ღონისძიება გახსნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ ღვამიჩავამ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, საქართველოში იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ, განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნუნუ მიცკევიჩმა, ქართულ-იტალიური განათლების ცენტრ „მინერვას” ვიცე-პრეზიდენტმა ჯოვანი ჯაკომანტონიომ.
 
კონფერენციას ესწრებოდა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი და სხვა მიწვეული სტუმრები.
 
ასევე, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს იტალიის 13 და საქართველოს 14 უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა.
 
დღესვე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და ააიპ ქართულ-იტალიური განათლების ცენტრ „მინერვას” შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი.
 
ღონისძიების უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის წარდგენა, რომელიც წარადგინა მედიცინის სკოლის ხელმძღვანელმა როინ რეკვავამ.
 
მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ 2025-2026 აკადემიური წლიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ნეაპოლის ფედერიკო ll-ის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, მედიცინის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას იწყებს. პროგრამის წარმატებით დასრულებისას სტუდენტები მიიღებენ ორმაგ დიპლომს - როგორც KIU-ს, ისე ნეაპოლის უნივერსიტეტის დიპლომს, მედიცინის მიმართულებით. პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს საერთაშორისო აღიარებისა და კარიერული ზრდის განსაკუთრებულ შესაძლებლობას. სასწავლო პროცესს წარუძღვებიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ნეაპოლის უნივერსიტეტის პროფესორები. ერთობლივი პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში მედიცინის მიმართულებით მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას. გაცვლითი სემესტრის ფარგლებში ქართველ სტუდენტებს ექნებათ ნეაპოლის უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა. თავის მხრივ, ნეაპოლის უნივერსიტეტის სტუდენტები, სულ მცირე, ერთი სემესტრის მანძილზე ისწავლიან KIU-ს კამპუსზე. როგორც გაცვლითი, ისე ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება გათვალისწინებულია აკადემიური პერსონალისთვისაც.